ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგიმზადეთ იმისთვის, რომ გარკვეულ პროცედურებზე დიდი დრო, ძალისხმევა და თანხები არ დახარჯოთ. იმედი გვაქვს, კიდეც მოგეწონებათ, კიდეც გამოიყენებთ და კიდეც გამოგადგებათ ისინი.
მდგრადი სურნელი
ცნობილია, რომ სუნამო, არომატის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, იმ ადგილებს უნდა მიეფრქვეს, სადაც პულსის ცემა იგრძნობა. მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ამ მეთოდს დიდი ეფექტი არ აქვს.
ამიტომ სუნამოს მიპკურებამდე წაისვით შესაბამის ადგილებზე უფერო და უსუნო ვაზელინი. ის პარფიუმს კანზე „მიწებებაში“ დაეხმარება და სუნამოს სასიამოვნო სურნელი მთელი დღე შენარჩუნდება.
ქათქათა ღიმილი
ეს მეთოდი განსაკურებით ყავისა და მუქი ჩაის მოყვარულებს გამოადგებათ, ვინაიდან ეს სასმელები კბილებზე არასასურველ კვალს ტოვებს მუქი ლაქების სახით. საბედნიეროდ, არსებობს გზა, რომელიც სტომატოლოგის ჩარევის გარეშე დაგეხმარებათ ამ პრობლემასთან გამკლავებაში — მთავარია, ბანანი გიყვარდეთ.
ხშირად წაისვით ბანანის ქერქის შიდა მხარე კბილებზე და ნახავთ, როგორ ეფექტს გამოიღებს ეს.
მუდმივი პომადა
როგორი მდგრადიც უნდა იყოს პომადა, ის მაინც ვერ ძლებს ტუჩებზე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვსურს. ამიტომ:
ჯერ ნებისმიერი კოსმეტიკური პუდრი გადაისვით ტუჩებზე, შემდეგ კი პომადა დაიტანეთ. მერე ქაღალდის ხელსახოცით აკურატულად შეიმშრალეთ პირველი ფენა და ზემოდან მეორედ გადაისვით პომადა. შედეგი გარანტირებულია.
სუფთა თმები
თუ მეორე დღით საქმეებზე ან სამსახურში დილაადრიან ხართ წასასვლელი, რაღაც მიზეზების გამო კი თავის დაბანას ვერ ახერხებთ, უბრალოდ:
ძილის წინ მიიფრქვიეთ თმებზე საბავშვო პუდრი და ისე დაწექით. დილით აღმოაჩენთ, რომ თქვენი კულულები ახალდაბანილივით ბრწყინავს.
გლუვი ტუჩები
ტუჩებზე კანი ხშირად იქერცლება და უხეშდება, რაღაცნაირად უსწორმასწორო ხდება. ამ პრობლემის მოგვარება თაფლით შეიძლება.
წაისვით ტუჩებზე თაფლი და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიტოვეთ, შემდეგ კი რბილი ჯაგრისითა და თბილი წყლით ფაქიზად ჩამოიბანეთ. აქერცლილი კანისგან აღარაფერი დარჩება და ტუჩებიც დაიბრუნებს სიგლუვეს.
მაგარი ფრჩხილები
თუ თხელი და იოლად მსხვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ლაქის წასმისგან ცოტა ხანს თავის შეკავება მოგიწევთ.
ფერად-ფერადი „მანიკურების“ ნაცვლად, დილაობით კბილის პასტა გადაისვით ფრჩხილებზე და ორიოდე წუთი დაიტოვეთ. მალე აღმოაჩენთ, რომ ფრჩხილები სიმტკიცეს დაიბრუნებს.
ბრძოლა შავ წერტილებთან
სახეზე, განსაკუთრებით ცხვირზე, ხშირად ჩნდება შავი წერტილები. მათი მოშორება შინაურული წებოვანი ნიღბით შეიძლება.
დაალბეთ 1 ჩაის კოვზი ჟელატინი 1 ჩაის კოვზ რძეში — სანამ არ გაფუვდება. შემდეგ ცხელი წყლის აბაზანაზე დადგით და მოურიეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას. როცა ნარევი ისე გაგრილდება, რომ კანს არ დაგწვავთ, გადაისვით დაბანილ სახეზე, პრობლემურ ადგილზე, და დაიტოვეთ ოციოდე წუთი. შემდეგ ფრთხილად „აიხიეთ“ სახიდან და ნახავთ, რომ შავი წერტილები თან გაჰყვება ნიღაბს.