თბილისი, 30 იანვარი − Sputnik. კომპანია Neuralink-მა, რომელიც მილიარდერ ილონ მასკს ეკუთვნის, ადამიანის ტვინში პირველი უკაბელო ჩიპი ჩანერგა.
ამის თაობაზე მასკმა საკუთარ X-აკაუნტზე დაწერა.
გავრცელებული ცნობით, თავის ტვინში ჩანერგილმა ჩიპმა ადამიანის ტვინი და კომპიუტერი უნდა დააკავშიროს. როგორც Neuralink-ში აცხადებენ, ჩიპი ფიზიკურ პრობლემებსა და ფსიქიკურ დარღვევებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ჩიპის ადამიანზე გამოცდის ლიცენზია ილონ მასკის კომპანიას გასული წლის მაისში მისცა. გეგმის მიხედვით, გამოცდები ექვსი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
Neuralink-ის აღწერით, ტვინზე ოპერაციას რობოტი ასრულებს. ის ჩიპს 1024 სენსორის დახმარებით ნერგავს ტვინში უთხელესი ელექტროდის ძაფებით, რომლებმაც ნეირონული იმპულსები უნდა დაიჭიროს.
სენსორული ჩიპი ტვინის იმ არეში ინერგება, რომელიც, როგორც Neuralink წერს, „მოძრაობის განზრახვებს“ აკონტროლებს. მოწყობილობა იჭერს ტვინის სიგნალებს და მათ გარე მოწყობილობას გადასცემს, რომელიც შიფრავს მათ და „ესმის“, რა მოძრაობის გაკეთება სურს ადამიანს.
როგორც ილონ მასკი წერს, მისი კომპანიის ქმნილებას „ტელეპათია" დაერქმევა და პირველ რიგში პარალიზებულ ადამიანებს ჩაუნერგავენ.
„[ჩიპი] ტელეფონით ან კომპიუტერით, და მათი მეშვეობით პრაქტიკულად ნებისმიერი გაჯეტით იმართება უბრალოდ აზრის ძალით. პირველი მომხმარებლები ისინი იქნებიან, ვისაც კიდურებით სარგებლობის უნარი აქვს დაკარგული“, − წერს მასკი ერთ-ერთ ტვიტში.
ამასთან მან სტივენ ჰოკინგის მაგალითი მოიყვანა, რომელიც სრულად იყო პარალიზებული და მკითხველებს შესთავაზა წარმოედგინათ, რა იქნებოდა, მეცნიერს რომ „პროფესიონალ მბეჭდავზე ან აუქციონისტზე სწრაფად კომუნიკაცია შეძლებოდა“.