თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არის პოლიტიკური კურიოზი და პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად „რადიკალური ოპოზიციის“ სახე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები და ალტერნატიულ გეგმას სამშაბათს წარმოადგენს.
„მე მაქვს მოლოდინი, რომ „ლელო“ დადებს ისეთ გეგმას, რომლის მიხედვითაც ავტოტრანსპორტით ლა-მანშის სრუტის გადალახვა იქნება შესაძლებელი. სხვა მოლოდინი ამ პარტიისგან არ გვაქვს. ეს პარტია არის ფაქტობრივად პოლიტიკური კურიოზი და პოლიტიკურ კურიოზთან ერთად, ეს პარტია არის მაგალითი და ნიმუში იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
სულ ახლახანს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებაც მმართველი პარტია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობდა, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
პარტია „ლელო"
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.