ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა

გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენა New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა.
ორდღიან გამოფენაზე, რომელშიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა პირველად მიიღო, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე კომპანია იყო წარდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, წელს New York Travel and Adventure Show-ს 25 ათასამდე სტუმარი ესწრებოდა, გამოფენა საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელმა გააშუქა.