მაშველებმა დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსული უხვი თოვლის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი - Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც 90-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მოსული უხვი თოვლის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.
ყველა შესაბამისი სპეცტექნიკის მობილიზების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური