თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის“ მიმართულებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო შეზღუდვები საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაწესდა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.