ხართ თუ არა არისტოკრატი? ხუთი ნიშანი შესამოწმებლად

Sputnik
თბილისი, 26 იანვარი − Sputnik. არისტოკრატები ყოველთვის იყვნენ პრივილეგირებულები: მდიდრული ცხოვრება, ფული, მიწები, ქონება – ეს ყველაფერი მათ ხელში იყო და არის. მაგრამ ადამიანის არისტოკრატიზმი მხოლოდ ქონებრივი ცენზით არ განისაზღვრება. ამისათვის კიდევ რამდენიმე ნიშან-თვისებაა საჭირო.

ფსიქოლოგები ასახელებენ ხუთ პარამეტრს, რომელიც დაგეხმარებათ დაადგინოთ საკუთარი წარმომავლობა, ანუ გაიგოთ, გიჩქეფთ თუ არა ძარღვებში არისტოკრატული „ცისფერი“ სისხლი“.
საქმე ისაა, რომ ეს არისტოკრატული ნიშნები საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა, ყალიბდებოდა და მერე თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
ვნახოთ, რა ნიშებია ეს.

წელგამართული პოზა

გლეხები ბევრს მუშაობდნენ მინდორში, მათი ზურგი მუდმივად მოხრილი იყო. დიდგვაროვნებს კი, პირიქით, ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ წელში გამართულად დგომას, ლამაზად სიარულს.
ეს განსაკუთრებით ეხებოდა გოგონებს, რომლებიც ეტიკეტის გაკვეთილებზე ხშირად მეცადინეობდნენ სიარულში - თავზე შემოლაგებული წიგნებით, რა დროსაც ტანი სწორად უნდა სჭეროდათ, კისერი კი გედივით ჰქონოდათ მოღერებული.

თხელი, გრძელი თითები

ყველა დიდგვაროვანს სახლში აუცილებლად ედგა რამდენიმე თუ არა, ერთი პიანინო მაინც. ისინი პედაგოგის დახმარებით ბავშვობიდანვე სწავლობდნენ ამ ინსტრუმენტზე დაკვრას და ხშირად მართავდნენ კონცერტებს.
პიანინოზე დაკვრა არისტოკრატ ბავშვებს გრძელი და ნატიფი თითების ფორმირებაში ეხმარებოდა. გლეხებს კი, მიწაზე გამუდმებული მუშაობის გამო, თითები მოკლე, კანი კი დახეთქილი და უხეში ჰქონდათ.

მქრქალი კანი

გლეხებს ხშირად უწევდათ მზეზე მუშაობა. ამიტომ მათი კანი მუქი და ნაოჭიანი გახდა. დიდგვაროვნები, პირიქით, ცდილობდნენ დღის განმავლობაში მზეზე არ გასულიყვნენ, ქოლგებსა და ბაღის ჩრდილს აფარებდნენ თავს. ამიტომ ფერმკრთალები იყვნენ და მათი თხელი კანის ქვეშ იოლად შეიმჩნეოდა ცისფერი ძარღვები. აქედან დამკვიდრდა გამოთქმა „ცისფერსისხლიანი არისტოკრატი“.
თუ დიდგვაროვანს დაბადებიდან მუქი კანი ჰქონდა, მათ სხვადასხვა მეთოდით ათეთრებდნენ: ფქვილით ან სხვა თეთრი ფხვნილით. პუდრა სწორედ იმ დროიდან გახდა აქტუალური.

საუბრის მანერა

დიდგვაროვანთა შვილები ბავშვობიდანვე იღებდნენ ცოდნას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რიტორიკაში, ანუ მეტყველების, სიტყვის ხელონებაში. ამ ცოდნას ისინი, გარდა საღამოს წვეულებებისა და მეჯლისებისა, ყოველდღიურ ყოფაშიც ამჟღავნებდნენ.
არისტოკრატები გამოირჩეოდნენ დახვეწილი საუბრით, შეეძლოთ ნებისმიერი აზრის ლამაზად გადმოცემა.
სხვათა შორის, კავალრები ქალიშვილებს ამ ნიშნითაც აფასებდნენ და ამიტომ საუბრის კარგი მანერა დიდი უპირატესობა იყო.

პატარა ტერფი

დიდგვაროვნებს ჰქონდათ პატარა და მოხდენილი ფეხები. მათ არც მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ და არც ფეხით დიდხანს სიარული. ისინი კარეტებითა და ცხენებით გადაადგილდებოდნენ და, შესაბამისად, ტერფებიც არ ეზრდებოდათ დიდად.
გლეხებს კი, მთელი დღეები ფეხზე დგომისა და მძიმე სამუშაო დღის გამო, ტერფები სიგრძეშიც გაეზარდათ და სიგანეშიც. და ისე მოხდა, რომ ერთი და იმავე სიმაღლის დიდგვაროვანსა და გლეხს ფეხის ზომა განსხვავებული აღმოაჩნდათ.