თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სომხეთის მთავრობის მეთაური თბილისში პარასკევს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა.
„ჩვენ ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა. შეიძლება ასე ითქვას, დე-ფაქტოდ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს მოცემულობა ოფიციალურად გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხარეები დოკუმენტზე ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდნენ და 2023 წლის გაზაფხულზე დააანონსეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი.
„სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია", - განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა აშშ-თან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და ჩინეთთან.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.