ყირიმის ომმა (1854-1856 წწ), რომელიც რუსეთის დამარცხებითა და ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა, საქართველო ძალიან დააზარალა.
გარდა იმისა, რომ საომარი მოქმედებები ჩვენ ქვეყანაშიც მიმდინარეობდა, რუსეთის რეგულარული ჯარებისა და ქართველი მოხალისეების გამოკვება ქართველ გლეხობას დააწვა კისერზე, რამაც ისედაც ღარიბი სამეგრელოს მოსახლეობა კიდევ უფრო გააღატაკა.
გლეხები საბატონო გადასახადებსაც ვერ იხდიდნენ და წაგებული ომით გამოწვეულმა გაზრდილმა გადასახადებმა, როგორც იტყვიან, მთლად კუდის რიკამდე გაატყავა ისინი. გლეხები იძულებული იყვნენ ტყეებში გახიზნულიყვნენ და ფარულად დაემუშავებინათ მიწა, იქ მოეყვანათ მოსავალი. ხშირად თვითონაც იქვე სახლდებოდნენ.
ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე დადიანის ნაბიჯმა: გლეხებს ჯამაგირის გარეშე ამუშავებდნენ, მათ არც ბინას აძლევდნენ, არც სამუშაო იარაღს, არც საჭმელს და უფრო მეტიც, უმინდოდ სიმინდსაც არ უფქვავდნენ დედოფლის კუთვნილ წისქვილებში.
1856 წლის ივლისის ბოლოს ეკატერინე დადიანმა, იმპერატორ ალექსანდრე მეორის კურთხევაზე დასასწრებად პეტერბურგში გამგზავრების წინ, სახლთუხუცეს ჩიქოვანს უბრძანა, ტყეში გახიზნული გლეხებისათვის თვითნებურად მიტაცებული მიწები ჩამოერთმია და იქიდან აეყარა. სწორედ ეს იქცა ფართომასშტაბიანი აჯანყების დაწყების საბაბად.
შეიარაღებულმა გამოსვლებმა მალე მთელი სამეგრელო მოიცვა. მღელვარება სოფელ სალხინოდან დაიწყო, სადაც სახლთუხუცესის მიერ შევიწროებულმა გლეხებმა დადიანების სასახლის მშენებლობაზე მუშაობა შეწყვეტეს.
წინააღმდეგობის მოძრაობას სათავეში ფარული სათათბირო ორგანო „სხუნუ“ (მეგრ: მრჩეველი, ბჭე) ჩაუდგა. წლის მიწურულს სალხინოში მეზობელი შვიდი სოფლის ათასზე მეტმა გლეხმა მოიყარა თავი, რომლებმაც წაჩხურის ეკლესიის გალავანში ფიცი დადეს და, უტუ თოდუას მეთაურობით, კიწიისკენ (ახლანდელი მარტვილის რაიონი) გაემართნენ.
მალე აჯანყებულებს კიდევ 16 სოფლის ორი ათასი კომლი შეუერთდა და მეამბოხეთა ლაშქარი 4 ათას კაცამდე გაიზარდა. ეს აჯანყების პირველი ბანაკი იყო.
ამბოხის მეორე კერად იქცა სოფელი ჯვარი, სადაც აჯანყებულებს სათავეში მჭედელი უტუ მიქავა ჩაუდგა. მესამე კერა გაჩნდა საჭილაოსა და სუჯუნის მაზრებში (მეთაური კოჩა თოდუა), ხოლო მეოთხე — ზუგდიდის მაზრაში (მეთაური გლეხი კეზუა). 1857 გაზაფხულზე აჯანყებულთა ყველა კერა გაერთიანდა და საერთო ხელმძღვანელად უტუ მიქავა აირჩია, მოადგილედ კი უტუ თოდუა. ამ გაერთიანებას მათ „ურდუმი“ უწოდეს.
აპრილის მიწურულს პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ეკატერინე დადიანმა აჯანყებულებთან მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ. 12 მაისს აჯანყებულებმა სამეგრელოს მთავრის რეზიდენცია დაიკავეს ზუგდიდში.
ეკატერინემ ისევ სცადა აჯანყებულთა დაწყნარება, მაგრამ მოლაპარაკება ხელჩართულ შეტაკებაში გადაიზარდა და დედოფალი იძულებული გახდა, დახმარება რუსეთის ხელისუფლებისათვის ეთხოვა.
მალე ქუთაისის გუბერნატორი ნიკოლაი კოლიუბაკინი სამხედრო ძალით შევიდა სამეგრელოში და აჯანყებულებს შეხვდა, რათა მათი უკმაყოფილების მიზეზი გაერკვია. უტუ მიქავამ გუბერნატორს შთამბეჭდავად აღუწერა გლეხთა არაადამიანური მდგომარეობა და კოლიუბაკინს სამართალი სთხოვა:
„ჩვენ სამშობლო შეგვჯავრდა... ოხრადაც კი დარჩეს ისეთი სამშობლო, როცა თავიც კი ვერ შეგიფარებია სადმე, როცა შენზე ნადირობენ, ნადირივით დაგდევენ... ჩვენ არც ავაზაკები ვართ და არც მეამბოხენი; სამართალს ვითხოვთ, მეტს არაფერს. გვიწყალობე, გენერალო, ეს სამართალი, გვიყავ სიკეთე...“
კოლუბიაკინი აჯანყებულებს მოთხოვნათა დაკმაყოფილებას დაპირდა და სთხოვა, ხელი აეღოთ შეიარაღებულ გამოსვლებზე. გლეხები დაიშალნენ, მაგრამ კოლუბიაკინმა დაპირება არ შეასრულა. უფრო მეტიც, მთავრობამ გლეხებს საბატონო ვალდებულებათა შესრულება და მებატონეებისთვის ჩამორთმეული მოახლე-მოსამსახურეების დაბრუნება დაავალა.
მოტყუებული და უკმაყოფილო გლეხები არ ნებდებოდნენ. 1857 ივნისში ჯვარ-სალიპარტიანოს ოლქი კვლავ ამბოხების ცენტრად იქცა. მღელვარება გაძლიერდა საჭილაოს, ხობის, სუჯუნუს, თეკლათის და სხვა რაიონებში. მთავრობის ჯარებთან სისხლისმღვრელი შეტაკებები გაიმართა ქვალონთან, ჯვართან, თეკლათში, ნახუნუში, ზუმში...
ზამთრის პირს აჯანყებულებმა წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს. მეთაურები მიხვდნენ, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და „ურდუმი“ დაშალეს.
ხელისუფლებამ აჯანყების მოთავეები — უტუ მიქავა, კოჩა თოდუა, ლევან კვარაცხელია და სხვები (სულ 41 კაცი) შეიპყრო და სხვადასხვა ვადით გადაასახლა შორეულ რუსეთში.
თუმცა არც სამეგრელოს გულზვიად მთავარსა და გაუმაძღარ თავადაზნაურებს დაადგათ კარგი დღე: ამიერკავკასიის მეფისნაცვლის ხელისუფლებამ ისარგებლა შემთხვევით და სამეგრელოს სამთავრო გააუქმა, დადიანები პეტერბურგში გაიწვია, ლიპარტელიანებს, ჩიქოვანებსა და სამეგრელოს სხვა თავადებს პრივილეგიები ჩამოართვა, რეგიონი მაზრებად დაჰყო და ქუთაისის გუბერნიას დაუქვემდებარა...