იჩხუბეთ სწორად: ექვსი წესი მეუღლეებისა და შეყვარებულებისთვის

Sputnik
თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. როცა ოჯახში კამათისას ერთ-ერთი პარტნიორი − ცოლი ან ქმარი, თავდაცვით პოზიციას იკავებს, კონფლიქტი მხოლოდ ძლიერდება, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ასეთ დროს ერთი მხარე დამნაშავეს ეძებს და ამიტომ აგრესიულად ესხმის თავს მეორეს, მეორე მხარე კი ასევე აგრესიულად იცავს თავს.
ფსიქოლოგი ჯონ გოტმანი, რომელიც 40 წლის განმავლობაში სწავლობდა წყვილების ქცევას, მეუღლეთა ასეთ აგრესიულ თავდაცვით რეაქციებს განქორწინების ერთ-ერთ ნიშნადაც კი მიიჩნევს.
ოჯახის ფსიქოლოგებმა რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავეს იმისთვის, რომ წყვილებს „სწორად კამათი“ ასწავლონ ოჯახური ან პარტნიორული ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ეს რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

არ აუწიოთ ხმას

როდესაც აგრესიულ თავდაცვაზე გადავდივართ, ხმის ამაღლების ინსტინქტური სურვილი იჩენს თავს, რაც მილიონობით წლიანი ევოლუციის შედეგია. ხმის აწევით ერთი პარტნიორი მეორის დაშინებასა და დომინანტური პოზიციის დაკავებას ცდილობს — მაშინაც კი, თუ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მეორე ნახევარმა მასთან თავი არაკომფორტულად იგრძნოს.
ამიტომ, ხმის აწევის ნაცვლად, შეეცადეთ ილაპარაკოთ ხმადაბლა. ეს დაგეხმარებათ თქვენცა და თქვენს პარტნიორსაც, რომ თავდაცვითი პოზიციიდან გამოხვიდეთ. გაგიკვირდებათ, თუ რამდენად სასიამოვნო გახდება თქვენი ურთიერთობა.

ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორს

როდესაც ერთი პარტნიორი ბობოქრობს, მეორე კონტრშეტევის გეგმის შემუშავებას იწყებს. მაგრამ თუ ამაზე გადაერთვებით, ვერ გაიგებთ, რისი თქმა სურს თქვენს მეორე ნახევარს.
ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ მას და იპოვოთ ის, რასაც თავადაც ეთანხმებით. შემდეგ კი აუხსენით პარტნიორს, რაში ეთანხმებით მას და რაში — არა.

არ გადაუხვიოთ თემას

შეეცადეთ კამათისას დავის თემა არ დაგავიწყდეთ. როდესაც ადამიანი თავდაცვით პოზიციაზე დგება, ჩხუბის საბაბი მალევე ავიწყდება და ურთიერთობაში არსებული პრობლემების ჩამოთვლაზე გადადის. ასე ცდილობს ის პარტნიორის დამარცხებას. მაგრამ ასეთ შემთხვევაში კამათი წრეზე იწყებს ტრიალს და არანაირი შედეგი არ მოაქვს.
იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, კონკრეტული დავის საკითხზე კონცენტრირდით და არ აჰყვეთ სხვა პრობლემების ხსენების ცდუნებას — მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ისინი „მიმდინარე“ თემას უკავშირდება.

აიღეთ პასუხისმგებლობა

თავდაცვითი პოზიციის დაკავებისადმი მიდრეკილი ადამიანები ხშირად ცდილობენ დაანახონ პარტნიორს, რომ მათთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ. და როდესაც მეორე მხარე კითხულობს, რატომ არ შესრულდა მისი რომელიმე თხოვნა, პირველი თავის მართლებასა და მიზეზების ჩამოთვლას იწყებს. თანაც ისე, რომ ყველაფერში „დამნაშავე“ პარტნიორი გამოჰყავს — თავად ყველაფერზე იხსნის პასუხისმგებლობას.
შესაძლოა თავი მსხვერპლადაც კი წარმოაჩინოს და წუწუნი დაიწყოს – რაც უნდა გავაკეთო, ყველაფერი გეცოტავებაო. შედეგად, პარტნიორს უჩნდება შეგრძნება, რომ ის არ აინტერესებთ და ამიტომ მის სურვილებსაც უგულებელყოფენ.
ამიტომ საჭიროა, რომ ყურადღებით მოუსმინოთ პარტნიორს და გაიგოთ, რა აწუხებს მას, აღიაროთ, რომ გესმით მისი, და აიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არ გააკეთეთ ან, პირიქით, გააკეთეთ.

მოერიდეთ სიტყვას „მაგრამ“

ზოგი ადამიანი ხშირად იყენებს ამ სიტყვას მეორე ნახევართან კამათში. მაგალითად, ასე: „მართალი ხარ, მაგრამ...“ შემდეგ კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ პარტნიორი სისულელეს ამბობს. ის ამით აჩვენებს, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც თავად ამბობს და არა ის, რასაც პარტნიორი ეუბნება.
ამიტომ თავი შეიკავეთ ამგვარ კონტექსტში „მაგრამის“ გამოყენებისგან. უბრალოდ თქვით: „მართალი ხარ“, და ამით დაასრულეთ ფრაზა.

გააცნობიერეთ თავდაცვის სურვილი

როდესაც ადამიანს კამათისას თავდაცვის საჭიროება უჩნდება, ის ოდესღაც გადატანილ ტრავმაზე რეაგირებს. ხშირად ეს იმ ოჯახთან არის დაკავშირებული, რომელშიც გაიზარდა.
პარადოქსი ისაა, რომ ზრდასრულობაში ბევრი ადამიანი ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელთანაც ბავშვობის დროინდელ მძიმე შეგრძნებებს გამოცდის. ამიტომ თუ გსურთ, თავი დააღწიოთ თავდაცვის გამუდმებულ მოთხოვნას, აუცილებელია საკუთარ თავში ჩაიხედოთ და დაუცველობის, მოწყვლადობის მიზეზები გააცნობიეროთ.