თბილისი, 25 იანვარი − Sputnik. სილამაზის კონკურს მის იაპონია2024-ის გამარჯვებული უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში დაბადებული 26 წლის კაროლინა შინო გახდა, იუწყება BBC.
გავრცელებული ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონკურსში იაპონიის ფარგლებს გარეთ დაბადებული მონაწილე იმარჯვებს.
გვირგვინის დადგმისას კაროლინამ, რომელიც სიხარულისგან ტიროდა, უნაკლო იაპონურით მიმართა აუდიტორიას და თქვა, რომ თავი სიზმარში ჰგონია.
„იმ მომენტიდან, რაც ჩემი სახელი გავიგონე, ტირილი არ შემიწყვეტია. მანამდე არაერთი ბარიერების გადალახვა მომიხდა, ვინაიდან ხშირად იაპონელად არ აღმიქვამდნენ. ამიტომ მადლიერებით ვარ აღსავსე იმის გამო, რომ ამ კონკურსზე იაპონელად მაღიარეს“, − აღნიშნა მან.
კაროლინა 1998 წელს დაიბადა ტერნოპოლში, ჩვეულებრივ უკრაინულ ოჯახში. მაგრამ შემდეგ დედამისი იაპონელზე დაქორწინდა და ოჯახი საცხოვრებლად ნაგოიაში გადავიდა. მაშინ გოგონა მხოლოდ ხუთი წლის იყო.
კაროლინა მალევე ალაპარაკდა თავისი ახალი ქვეყნის ენაზე და, როგორც ამბობს, თავიც მალევე იგრძნო იაპონელად. თუმცა ყველა ხედავდა, რომ ადგილობრივ გოგოებს არ ჰგავდა.
სწორედ ამ უკანასკნელმა ფაქტორმა გამოიწვია კამათი საზოგადოებაში, რომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ „მის იაპონია“, გარდა იმისა, რომ გარეგნულად უნდა ჰგავდეს ადგილობრივ მკვიდრს, მის ძარღვებში იაპონური სისხლიც უნდა დიოდეს.
სოცქსელების მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ კაროლინა შინოს არანაირი კავშირი არ აქვს იაპონიასთან, ის 100%-ით უკრაინელია და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია, „არასწორია, როცა ულამაზეს იპონელ ქალად ევროპული გარეგნობის გოგონას ასახელებენ“.
ზოგი იუზერი ამას იაპონური გარეგნობის დისკრიმინაციადაც კი აფასებს და აცხადებს, რომ წარმოშობით უკრაინელი მოდელისთვის ამ ტიტულის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.