თბილისი, 24 იანვარი— Sputnik. წერეთლის გამზირის მასშტაბური სარემონტო სამუშაოების ფარგლებში 25 იანვარს ერისთავის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. ათი თვის შემდეგ კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
„წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 24:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე წლის 17 იანვარს თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სარემონტოსამუშაოების შესრულების მიზნით ოთხ კომპანიასთან - „ენკო“, პარმა“, „ჯეო გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ ხელშეკრულება გააფორმა.
გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.