მსოფლიო დღეს

გამარჯვებული ცნობილია: ნიუ-ჰემფშირში პრაიმერიზი დასრულდა

Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 54%-ზე მეტით იმარჯვებს.
ამრიგად, ტრამპი რესპუბლიკელი დელეგატების 11 ხმას იღებს, ხოლო მისი ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი, რომელმაც პრაიმერიზში ტრამპზე 10%-ით ნაკლები ხმები მოაგროვა — მინიმუმ ექვს ხმას. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებს ნიუ-ჰემფშირში სულ 22 დელეგატი ჰყავთ.
იმისათვის, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, ტრამპმა მთლიანობაში 1215 დელეგატის ხმა უნდა მოაგროვოს. კანდიდატის ვინაობა პარტიის ყრილობაზე ივლისში გახდება ცნობილი.
ტრამპმა ერთ-ერთ საკვანძო შტატში, ნიუ-ჰემფშირში გამარჯვება თავად აუწყა მხარდამჭერებს.
„ახლა ჩვენ უკვე სამჯერ მოვიგეთ ნიუ-ჰემფშირი“, — თქვა მან კენჭისყრის შემდეგ.
მანამდე მან ორჯერ მოიგო პრაიმერიზი ამ შტატში — 2016 წელს, როდესაც ის პირველად იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, და ასევე 2020 წელს — მეორე ვადით არჩევნების კამპანიის ფარგლებში.
ნიკი ჰეილიმ უკვე მულოცა დონალდ ტრამპს გამარჯვება და თქვა: „მან ეს დაიმსახურა და მე მინდა ვაღიარო ეს“.
ამავდროულად, სხვა ორი კონკურენტისგან — ვივეკ რამასვამისა და რომ დესანტისისგან განსხვავებით, ჰეილი საარჩევნო კამპანიას არ წყვეტს. მისი თქმით, „ნიუ-ჰემფშირი პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი. ეს რბოლა ჯერ არ დასრულებულა. წინ ათობით შტატია“.
ჰეილიმ ღიმილით შენიშნა, რომ შემდეგი პრაიმერიზი მის მშობლიურ შტატში, სამხრეთ კაროლინაში ჩატარდება, სადაც ის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობდა ორი ვადით.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. თუ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გახდება, მას სახელმწიფოს მოქმედი მეთაური — ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. როგორც სოციოლოგიური კვლევის შედეგები აჩვენებს, ტრამპს კარგი შანსი აქვს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო რბოლაში გაიმარჯვოს.