სისხლიანი გარჩევა ლაფანყურში - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

მამაკაცს, რომელელსაც სამართალდამცველები სამი ადამიანი დაჭრას ედავებიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თექვსმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ 44 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 21 იანვარს, ბრალდებულმა ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით კონფლიქტში მონაწილე ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით დაჭრა. ასევე, კონფლიქტის დროს, ბრალდებულის მხრიდან გასროლის შედეგად დაიჭრა მისივე მეგობარი.
ბრალდებულს ადგილზე მყოფმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს და სროლის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,ბ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა,
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.