პენიტენციურ დაწესებულებებს უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ

ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით შესაძლებელია გულის სხვადასხვა დარღვევისა და დაავადებების დიაგნოსტიკა.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით ხუთ პენიტენციურ დაწესებულებას უახლესი ელექტროკარდიოგრაფები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ელექტროკარდიოგრაფები განახლდა №3 (ბათუმი), №5 (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), №6 (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), №8(თბილისი), №18 (თბილისი) პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც „უმნიშვნელოვანესია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობისთვის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, რათა შესაძლებელი იყოს პაციენტთათვის დროული და ხარისხიანი მკურნალობის მიწოდება“.
„ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით შესაძლებელია გულის სხვადასხვა დარღვევის, იშემიური დაავადებების, მიოკარდიტის, გულის კუნთის დისტროფიის, ელექტროლიტური დისბალანსის, არაკარდიული დაავადებების (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია) დიაგნოსტიკა, მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერდოზირების გამოვლენა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივად ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე.