თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით ინტერნეტ-სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა.
ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით იგი დაეუფლა 653,181 ლარის ოდენობით თანხას, რის შემდეგაც მიიმალა.
მას ბრალდება სსკ-ის180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.