მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 43.098,76 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა 417,17 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 43,098,76 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.