თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT) დელეგაციის წევრებმა თავის ანგარიშში გამოთქვეს კმაყოფილება კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობასა და პერსონალთან ღია თანამშრომლობით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის პირობებით, რომელიც ანგარიშში ნახსენებია როგორც „მისტერ ს.“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
კომიტეტის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიწვევით 2023 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და კლინიკაში პაციენტების მკურნალობისა და მოთავსების პირობები დაათვალიერა. იანვარში გამოქვეყნდა ანგარიში სააკაშვილის და სხვა პატიმრების კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში არსებულ პირობებზე, სადაც ნათქვამია რომ სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.
„აღინიშნა, რომ კლინიკაში სუფევს მშვიდი ატმოსფერო, სამედიცინო პერსონალსა და მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტებს შორის არის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება... აგრეთვე, საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული ბატონი ს.-ის ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა... ერთგვარად ისიც კი აღინიშნა, რომ სხვა მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ ჰქონდათ, რაც ასევე შემდგომში სასწრაფოდ იქნა გამოსწორებული ჩვენ მიერ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ასევე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდებულებთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ.
„დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ და ბრალდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. ასევე, მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტთა შორის ძალადობის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
„დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ და ბრალდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა. ასევე, მსჯავრდებულ/ბრალდებულ პაციენტთა შორის ძალადობის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა“, - განაცხადა ბრეგაძემ.
CPT-ის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს. სტრასბურგის სასამართლომ კი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, მხარეების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, 12 მაისს უარი უთხრა კლინიკიდან გაყვანაზე.
„ეს არის მოკლე პასუხი, რომელიც პასუხობს ყველა კითხვას, თითქოსდა არაადამიანურ მოპყრობაზე, დამთრგუნველ გარემოზე და ა.შ.“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს არაერთხელ შესთავაზეს გასეირნების უფლებით ესარგებლა, მაგრამ ის ყოველჯერზე უარს აცხადებდა ამაზე.
CPT ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პაციენტების შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია პაციენტის თანხმობის გარეშე არ გადაეცეს არასამედიცინო პერსონალს, მითუმეტეს ჟურნალისტებს. გარდა ამისა, რეკომენდებულია სამარტოო პალატებში პაციენტებისთვის იყოს ხელმისაწვდომი ფსიქიატრის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.