13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალი წარუდგინეს

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უმძიმესი შემთხვევა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 18 იანვარს მოხდა. მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას უამბო.
მამაკაცს ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმის მასალების მიხედვით, ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მეორე ბიძამ (დედის ძმამ) ბრალდებულს, 45 წლამდე კაცს დანით ჭრილობები მიაყენა. ახლა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის გადარჩენას ექიმები ცდილობენ. ის კომატოზურ მდგომარეობაშია.
დაკავებულია ბიძაც, რომელმაც დისშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი დაჭრა. მას საგამოძიებო უწყება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა