საეკლესიო კალენდარი: 21 იანვარი

მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს მოწამე აბო თბილელის, ღირსი გიორგი ქოზიბელის, მღვდელმოწამე კარტერიოსისა, მოწამეთა: ივლიანეს, კელსის, ანტონის, ანასტასის, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა, ასევე ღირსი ილია ეგვიპტელის და ღირს გრიგოლი პეჩორელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამე აბო თბილელი
766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.
სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც.
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.
საეკლესიო კალენდარი: 20 იანვარი
ღირსი გიორგი ქოზიბელი
ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრა. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.
ღირსისა დომნიკა იღუმენია
ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელსю
საეკლესიო კალენდარი: 19 იანვარი, ნათლისღება
ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი
წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ შემდეგ ნებით ჩაბარდა მტარვალებს. კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.
წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი
წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მარიონილა და კელსი, ქრისტიანობაზე მოექცა და მოინათლა ერთი ახლადგარდაცვლილი წარმართი, რომელიც სასწაულებრივად აღადგინა წმიდა ივლიანემ. ხუცესმა ანტონიმ ახალნათელღებულს ანასტასი უწოდა. აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა.
წმიდა ილია ეგვიპტელი მეუდაბნოე
ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოღვაწეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში.
გრიგოლ საკვირველთმოქმედი
ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ. ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით