თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს სამი და ლიეტუვის ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“ იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.
დაკავებულების ასაკი 33-დან 52 წლამდეა, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, როდესაც ისინი პატრულმა შენიშნა. საქმის მასალების თანახმად, ბინის მეპატრონე შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.
სამართალდამცველების გამოჩენისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი ადგილზევე დააკავეს. ჩხრეკისას პოლიციამ ქურდობისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები ამოიღო.