კახეთში მოზარდი ბიძამ გააუპატიურა - ნათესავებმა მამაკაცი დაჭრეს

გოგოს ნათესავმა სავარაუდო დამნაშავე შურისძიების მიზნით დაჭრა.
Sputnik
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. კახეთში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგონა გააუპატიურა, არასრულწლოვნის ნათესავმა შურისძიების მიზნით 45 წლის მამაკაცი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, გოგონას მამიდა გარდაცვლილი ჰყავს, მისი ქმარი კი გოგოს ოჯახთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა. გაუპატიურების ფაქტიც სწორედ ფერმაში მოხდა, სადაც ისინი დროებით სამუშაოდ იმყოფებოდნენ.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პირი, რომელმაც 45 წლის მამაკაცი დაჭრა, უკვე დაკავებულია.