თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში მხილებული კაცი კომატოზურ მდგომარეობაშია - მის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ, იუწყება ტელეკმომპანია „ ტვ პირველი“.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა ბიძამ, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. შემთხვევა სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა, რის შემდეგაც გოგონამ ოჯახს საშველად დაურეკა.მომხდარის შემდეგ შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, სავარაუდო მოძალადეს ახლა პალატასთან სამართალდამცველები მეთვალყურეობენ.
„45-წლამდე მამაკაცი, რომელიც შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, მძიმე მდგომარეობაშია. მას აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ჭრილობები, კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ორი ჭრილობა, რომელიც იყო შემავალი გულმკერდის ღრუში. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მძიმე მდგომარეობაშია. მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვის სუნთქვაზე. შემოსვლიდან ამ მომენტამდე პაციენტის მდგომარეობა არის კომატოზური, მასთან კომუნიკაცია შეუძლებელია", - ამბობს ექიმი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა.
როგორც მოზარდის ბებია ჰყვება, კაცმა საკუთარი ცოლის ძმისშვილზე ცოლის გარდაცვალებიდან 10 დღის თავზე იმ დროს იძალადა, როცა მთელი ოჯახი სამძიმრის სუფრის მოსამზადებლად სხვა სოფელში იყო წასული.
„ჩემი სიძე უნამუსოა. მისი ცოლი ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. გულის დაავადება ჰქონდა, რადგან 6 წლის წინ მისი ძმა, ანუ ჩემი მეორე ვაჟი თვალწინ მოუკლეს და ეს ვერ გადაიტანა. ჩემი ვაჟი კი, რომელიც ახლა დაკავებულია, ოთხ ოჯახს არჩენდა, მათ შორის, ამ უნამუსო სიძეს. ჩვენ სამძიმრის სუფრის სამზადისით ვიყავით დაკავებული, როდესაც იგი 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 14 წლის გოგო მას ვანდეთ და ასე მოქცევა შეიძლება? ეგ საერთოდ მოსაკლავია", - ამბობს ბავშვის ბებია.
თვითონ არასრულწლოვანი გოგონას ექიმების დახმარებაც დასჭირდა. ცოტა ხნის წინ ის სამართალდამცველებმა დედასთან ერთად წაიყვანეს სოფლიდან. სავარაუდოდ, მას ხელმეორე ექსპერტიზა უტარდება.
გოგონას ოჯახი მოზარდის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში კი იმ მამაკაცის პროცესი იმართება, რომელმაც დისშვილის გაუპატიურებში მხილებული მამაკაცი დაჭრა. განსასჯელის სკამზე 14 წლის გოგონას ბიძაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.