კალაძე: საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. კონტრაქტორი კომპანიები, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობის გამო, ხშირად არღვევენ ნაკისრ ვალდებულებებს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ვითარების კომენტარისას.
თბილისის მერიამ 15 იანვარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება.
„სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მერია უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხსა და დათქმული ვადების დაცვას მოითხოვს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს მთლიანად აღდგება.
„მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დასრულების მიზნით 17 იანვარს ოთხ კომპანიასთან - „ენკო“, პარმა“, „ჯეო გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ ხელშეკრულება გააფორმა.
ოპოზიციას უნდა, წერეთლის გამზირის აღდგენა დანაშაულად აქციოს - კალაძე>>
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.