თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვერ ერთიანდებიან, რადგან პირველობას ვერ იყოფენ, მათ საკუთარი ეგო უშლით ხელს, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
2023 წლის ბოლოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, ასევე პარტიებთან „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა".
„ვერ ერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირველობას ვერ იყოფენ. საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არ ყოფს ამ პოლიტიკოსებს შინაარსობრივად - მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ეგო ყოფს და ამ ეგოს დასაბუსტი ერთიანობაა მათი მიზანი“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, საქმე ისაა, რომ ამ პოლიტიკოსებს სურთ საკუთარი ფიგურის გარშემო ერთიანობა, და არა მიზნის.
„მიზნის გარშემო ერთიანობა რომ სურდეს, მაგალითად, გვარამიას - ცალკე ძალას რატომ შექმნიდა? მიშას მიზნებთან დაპირისპირებულია გვარამია? თუ დაპირისპირებულია, რატომ არ იძახის რაშია დაპირისპირებული? თუ მიშას არ უპირისპირდება, ცალკე ძალას რატომ ქმნის? ნაცებს რატომ არ უერთდება?“ - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
თავად გვარამიასაც სურს პირველობა, და ერთობად მიაჩნია ერთობა მის გარშემო, აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობა ხალხს გაერთიანებას პირდებოდა, და წლებია ეს არ გამოსდით.
„ანუ ხალხს ცრუ მოლოდინს უქმნიან, თითქოს გაერთიანებაა პანაცეა და მერე ამ ცრუ მოლოდინსაც უცრუებენ“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ნიკა გვარამიას, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს მამუკა ხაზარაძესა და ყოფილ ომბუდსმენს, სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელს, ნინოს ლომჯარიას შორის არსებითი განსხვავება არ არის. ისინი მხოლოდ ეგოთი განსხვავდებიან, დაასკვნა პოლიტიკოსმა.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც განსაზღვრავს ვის ხელში იქნება ქვეყანის სადავეები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“.