თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სარემონტოსამუშაოების შესრულების მიზნით ოთხ კომპანიასთან - „ენკო“, პარმა“, „ჯეო გრუპი“ და „ბლექსი გრუპი“ ხელშეკრულება გააფორმა, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
2023 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. გუშინ, 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა. ამასთან, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება.
„ჩვენ გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ესენია: კომპანია “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”. როგორც გითხარით, უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად”, - განაცხადა ბენდელიანმა.
მისი თქმით, ამ კომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა განახორციელონ სამუშაოები და მათი წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სრულად აღდგება საავტომობილო მოძრაობა და დარჩება მხოლოდ გარკვეული სამუშაოები ტროტუარებზე.
როგორც თბილისის მერმა მანამდე განაცხადა, წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა დაპირებისამებრ იანვრის ბოლოს აღდგება. ამასთან, კალაძემ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა თავად იმუშაოს და მოადგილეებიც ჩართოს საქმეში.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.