თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ბრალდების მხარე პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.
სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, რომელმაც მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. თავად დაკავებულის თქმით კი, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება.
გამოძიების მიხედვით, 15 იანვარს, საღამოს საათებში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლით წარუდგინა (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით).