თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხის ხიდის კონსტრუქცია მთლიანად განახლდა.
„ახლახან დასრულდა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ხის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა განახლებას. ეს კონსტრუქცია იყო სავალალო მდგომარეობაში. ამიტომ, გამოიცვალა ყველა დაზიანებული დეტალი და განახლდა მთლიანად კონსტრუქცია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში არსებული ხიდით სარგებლობა დღეს უკვე უსაფრთხოა.
დედაქალაქის მერიამ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო.