თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუშინ გამოსცა.
მერიის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად დათქმულ ვადაში აღდგება.
როგორც მერიაში განმარტავენ, თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები.
„ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
როგორც გასული წლის დეკემბერში თბილისის მერმა განაცხადა, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება და ტრანსპორტის მოძრაობაც ორმხრივად აღდგება.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
ჭავჭავაძის გამზირის გარემონტების დასრულების შემდეგ აღდგა მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირები. რემონტი მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებს.