თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბაქოს ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან", – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ქართული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 35 წლის სერრაჯ იუსიბოვია, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ცხოვრობდა. ის ბაქოში სამუშაოდ იყო წასული.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.