კვარაცხელია იტალიის სუპერთასისთვის ემზადება

„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. იტალიის „ნაპოლის" ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია კლუბთან ერთად ერ-რიადში გაემგზავრა, სადაც 18 იანვარს იტალიის სუპერთასი დაიწყება.
იტალიის სუპერთასი ოთხდღიანი მინიუ-ტურნირია - ჯერ ჩატარდება ნახევარფინალური მატჩები, შემდეგ - ფინალი. ნახევარფინალში „ნაპოლი" შეხვდება „ფიორენტინას", ხოლო „ინტერი" – „ლაციოს". ტურნირი 18-22 იანვარს გაიმართება.
გუნდთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. იტალიის ჩემპიონები ექსკლუზიურ სასტუმრო Four Seasons-ში განთავსდნენ.
„ნაპოლიმ" იტალიის სუპერთასი ბოლოს 2014 წელს მოიგო. მაშინ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ნეაპოლური გუნდი „იუვენტუსზე" ძლიერი აღმოჩნდა.