გორში ძაღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. სანადირო თოფით ძაღლის დაჭრის გამო გორში 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დაკავებულისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ.
ადვოკატ თამარ თედიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მას ცხოველისთვის დამიზნებით არ უსვრია და მხოლოდ შეშინება უნდოდა. მისი აზრით, ცხოველი ანასხლეტმა ტყვიამ დაჭრა.
შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რეხაში ორი დღის წინ მოხდა. დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. მას გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა. ექიმის თვალსაზრისით, ძაღლი გადარჩება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.