Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში
ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი
წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“. წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.
განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა - მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.
ღირსი მელანია რომაელი
ღირსი მელანია რომაელი ძალიან მდიდარი და დიდგვაროვანი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული ქალწული თოთხმეტი წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. წმიდა მელანიამ აუხსნა თავის კეთილშობილ და გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებულებს ფარულ ქალწულებაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი შეგვეძინება, ერთად განვერიდოთ ამ სოფელსო.
მალე მელანიამ შვა ასული. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უბიწოებაში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილს - ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ - მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როცა მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა უფლის რჩეულებისგან, აკურთხა მათი არჩევანი და ლოცვებში მოხსენიება ითხოვა.
წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს - ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე ოცდაოთხი წლისა იყო, მელანია კი - ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებსა და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისთვის მიწებს იძენდნენ მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და საავადმყოფო აშენდა. მელანიასა და აპინიანეს შემოწირულობებს ღებულობდნენ როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები. ნეტარმა დედამ მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით