პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტში 6 თებერვალს გამოვა მოხსენებით

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 6 თებერვალს გამოვა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილია, რომ პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა გააკეთოს, ან, „სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან“.
„პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება", — თქვა პაპუაშვილმა.
მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა შესაძლოა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ უთანხმოების გამო ჩაიშალოს.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენების წარსადგენად ბოლოს 2023 წლის 31 მარტს გამოცხადდა. მას შემდეგ მის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ იმპიჩმენტის პროცედურაც დაიწყო, თუმცა პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.