თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. გასული წლის დეკემბერში თბილისში ბინების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირდა — სულ გაყიდულია 3,8 ათასი ბინა, ნათქვამია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
როგორც თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვიდან ირკვევა, დეკემბერში ბაზრის მოცულობა 4%-ით შემცირდა და 246 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, ახალ კორპუსებში ბინების გაყიდვა მხოლოდ 1%-ით შემცირდა, ხოლო ძველ კორპუსებში — 21%-ით.
ცნობილი ხდება ისიც, რომ თბილისის გარეუბნებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასულ წელს 17%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრში — 15%-ით, ხოლო ცენტრთან ახლო რაიონებში — 12%-ით.
რაც შეეხება ძველ ბინებს, გარეუბნებში მათი ღირებულება შარშან 23%-ით გაიზარდა, ცენტრთან ახლოს — 18%-ით, ხოლო ცენტრში — 15%-ით.
რაც შეეხება ბათუმს, ბინებზე მოთხოვნა იქაც კლებას განაგრძობს. 2023 წლის დეკემბერში საცხოვრებლის ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ით შემცირდა — გაიყიდა 1,2 ათასი ბინა.
Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, დეკემბერში ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 31%-ით შემცირდა და მხოლოდ 55 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან: ახალ კორპუსებში ბინების გაყიდვები 33%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისა — 35%-ით.
გასული წლის დეკემბერში ბათუმის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო შეწონილი ფასი, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 1%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 922 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში — ღირებულება 21%-ით შემცირდა და 798 დოლარს მიაღწია.