თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ, 31 დეკემბრის მდგომარეობით, 4.4 მილიარდ ლარს მიაღწია, იუწყება საპენსიო სააგენტო.
არსებული მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა 856.7 მილიონი ლარი შეადგენა.
უწყების ცნობით, საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით).
„ერთი მხრივ, საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორე მხრივ კი ინფლაციის დაბალი დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა“, — აღნიშავენ სააგენტოში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 477 ათასი ადამიანია.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7095 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 21,557,544.86 ლარი.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6% ირიცხება. აქედან 2%-ს იგი თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
თუ მოქალაქის წლიური ხელფასი 24-დან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო მისანგარიშზე მხოლოდ 1%-ს რიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ იღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.