თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს კანონს, რომელიც მას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის საშუალებას მისცემს, რათა დაეხმაროს უკრაინის აღდგენას, იუწყება Bloomberg.
„ადმინისტრაცია პრინციპში მიესალმება კანონპროექტს, რომელიც მას თანხების კონფისკაციის საშუალებას მისცემს. ასეა ნათქვამი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის ნოემბერში გაგზავნილ წერილში“, — აღნიშნავს „ბლუმბერგი“.
სააგენტო ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას რუსეთის სუვერენული აქტივების დაპატიმრების აუცილებელ უფლებამოსილებებს მისცემს უკრაინის ინტერესებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლა თეთრი სახლი, „ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ ომის შემდგომი დაფინანსების“ მიზნით, კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.
როგორც ცნობილი ხდება, ამ საკითხის განხილვა თებერვალში იგეგმება G7-ის მომავალ სამიტზე.
მანამდე, კვირის დასაწყისში, სააგენტო აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ, და რომ ამ ეტაპზე G7-ის ქვეყნებთან ამუშავებს შესაძლო ვარიანტებს და ამასთან შესაძლო რისკებსაც აფასებს.