თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ნომინანტი კრის კრისტი საპრეზიდენტო არჩევნების რბოლიდან გავიდა, იტყობინება CNN.
კრისტიმ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებაში საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მისი კამპანია ძირითადად ნომინაციის ლიდერის, დონალდ ტრამპის პოლიტიკისა და მისი ხასიათის კრიტიკას ეფუძნებოდა.
„ამ საღამოს ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მე არ მაქვს ნომინაციის მოგების შესაძლებლობა. ამიტომ ამაღამვე ვაჩერებ კამპანიას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, — თქვა მან ვინდჰემის რატუშაში გამართულ შეხვედრაზე.
ამასთან მან პირობა დადო, რომ „არასდროს მისცემს დონალდ ტრამპს საშუალებას, ხელახლა გახდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“.
თუმცა, CNN-ის ცნობით, ამ განცხადებამდე ყოფილმა გუბერნატორმა კადრს მიღმა, ჩართულ მიკროფონში, რამდენიმე არაოფიციალური შენიშვნა გააკეთა თავისი, აწ უკვე ყოფილი მეტოქეების მისამართით.
„ის ახლა მოწევას დაიწყებს. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ის ამისთვის არ ვარგა“, — გაისმა მიკროფონში კრისტის სიტყვები, რომლებიც აშკარად პრეზიდენტობის კიედვ ერთ რესპუბლიკელ ნომინანტ ნიკი ჰეილის ეხებოდა.
ამასთან კრისტიმ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი, ვისაც არ სურს თქვას, რომ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად არ ვარგა, „თვითონაც უვარგისია პრეზიდენტობისთვის“.
გავრცელებული ინფორმაციით, კრის კრისტიმ საარჩევნო რბოლიდან გასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნიუ-ჰემფშირის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის შედეგები გახდა ცნობილი.
ამ მონაცემების თანახმად, ნომინაციის ლიდერი კვლავ დონალდ ტრამპია, რომელსაც ნიუ-ჰემფშირში რესპუბლიკელი ამომრჩევლების 39% უჭერს მხარს. მეორე ადგილზეა ნიკი ჰეილი — 32%-ით, ხოლო თავად კრის კრისტის მხოლოდ 12%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
რაც შეეხება სხვა რესპუბლიკელ ნომინანტებს, ვივეკ რამასვამის მხარს 8% უჭერს, რონ დესანტისს — 5%, ხოლო ას ჰატჩინსონს — 1%-ზე ნაკლები.