ადმირალი ევმენოვი: ამერიკული Tomahawk-ები რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება

Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო გემებზე განლაგებულ შორი მანძილის ფრთოსან რაკეტა Tomahawk-ებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებამდე მიღწევა შეუძლია, აცხადებს რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება თანამედროვე საზღვაო ფლოტი, რომელსაც მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილების უნარი ექნება.
„რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეების ფორმირებაზე საოკეანო და საზღვაო მიმართულებებში გავლენას ახდენს ისეთი ძირითადი ფაქტორებით, როგორიცაა უცხო სახელმწიფოების საზღვაო ძალების ძლიერი დაჯგუფებების არსებობა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში და ხმელთაშუა ზღვაში <.. .> ასევე ზღვაში მუდმივი პატრულირება გემებით, რომლებიც ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ებითაა აღჭურვილი და რუსეთის უმეტეს ნაწილზე არსებულ ობიექტებზე მასიური დარტყმის უნარი აქვთ“, — განაცხადა მან გაზეთ „კრასნაია ზვეზდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გარდა ამისა, ევმენოვის განმარტებით, რუსეთისთვის ოკეანეებიდან და ზღვებიდან სამხედრო საფრთხეების ჩამოყალიბებაზე ასევე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:
უცხო სახელმწიფოების განზრახვები, „შელახონ რუსეთის ინტერესები“ არქტიკაში ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის სტატუსის გადახედვისა და სამხედრო გემების შესაძლო გავლის გზით;
საზღვაო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტის აქტიური განლაგება საზღვაო დაჯგუფებების მოწინავე ზონებში და არქტიკული აუზის ათვისება აშშ-ისა და ბრიტანეთის საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების მიერ;
უცხოურ არქტიკაში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნა და მოდერნიზაცია.
ევმენოვის აზრით, გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს ვითარების გამწვავება ისეთი მიმართულებებით, სადაც კვლავაც ნარჩუნდება „რეალური წინაპირობები ისეთი კონფლიქტების წარმოქმნისთვის, რომლებშიც შესაძლოა რუსეთიც იყოს ჩათრეული“.
„თითოეულ ამ მიმართულებას აქვს წვდომა საოკეანო და საზღვაო ზონებთან, ამიტომაც აშენებს და ავითარებს საზღვაო ფლოტს ჩვენი ქვეყანა“, — აღნიშნა რუსმა ადმირალმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წელს გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის მახლობლად აშშ-ის გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსება მიმდინარეობდა, ხოლო რუმინეთში განთავსებული გამშვები დანადგარები Tomahawk-ების გამოყენებაზე იყო ადაპტირებული.