„არ გაბედო!" - ოსიმჰენი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტზე გაბრაზდა

ფეხბურთელმა აგენტს მისი სახელის ხსენება აუკრძალა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმჰენმა თანაკლუბელის, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტის მამუკა ჯუღელის ინტერვიუს გასცა პასუხი და მას ბინძური და სამარცხვინო უწოდა.
საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა ოსიმჰენის პროფესიულ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში ფულის გამო გადადის. ამასთან, ჯუღელმა აღნიშნა, რომ კვარაცხელია ასეთ ტრანსფერს მილიარდის გულისთვისაც არ დათანხმდება, რადგან ქართველი უფრო მაღალ მიზნებს ისახავს.
„ძვირფასო მამუკა ჯუღელო, ბინძური და სამარცხვინო ადამიანი ხარ. შენი მსჯელობის გამო მრცხვენია. რეგვენო! ჩემი სახელი აღარ ახსენო", - დაწერა ოსიმჰენმა სოციალური ქსელის თავის გვერდზე.
ოსიმჰენი „ნაპოლიში" 2020 წლიდან თამაშობს. მან კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააგრძელა. პორტალ Transfermarkt-ის ვერსიით, ოსიმჰენის ღირებულება დაახლოებით 110 მლნ ევროა.
კვარაცხელია ნეაპოლის გუნდში 2022 წლის ივნისში გადავიდა. პირველივე მატჩების შემდეგ იტალიური მედია და ანალიტიკოსები კვარაცხელიასა და ოსიმჰენის შედეგიანი დუეტის შესახებ საუბრობდნენ. ბევრი ავტორიტეტული გამოცემის აზრით, სწორედ ამ დუეტმა მიიყვანა "ნაპოლი" 2023 წელს დიდი ხნის ნანატრ ჩემპიონობამდე. თავად ფეხბურთელებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მინდორს გარეთაც მეგობრობენ.