თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მოწინააღმდეგე და მისთვის ყველაზე მტრული სახელმწიფო სამხრეთ კორეაა, ჩვენმა ქვეყანამ თავდაცვის შესაძლებლობები და მზადყოფნა უნდა გააძლიეროს მის გასანადგურებლად, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ფხენიანი არ აპირებს, პირველმა დაიწყოს კონფლიქტი, თუმცა ომისთვის თავის არიდებას არ აპირებს.
კორეული სააგენტო KCNA-ს ცნობით, კიმ ჩენ ინმა ამის თაობაზე „მთავარი სამხედრო ქარხნების“ შემოწმებისას ისაუბრა.
„თუ სამხრეთი შეეცდება გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ან დაემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, ჩვენ უყოყმანოდ გავანადგურებთ სამხრეთ კორეას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებისა და ძალების მობილიზებით“, — განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
მისი თქმით, სამხრეთ კორეა „დაახლოებით 80 წლის განმავლობაში გაცოფებული ეჭიდებოდა ბოროტ კონფრონტაციას, რათა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება და რეჟიმი დაემხო“.
როგორც კიმმა აღნიშნა, ორ კორეას შორის ურთიერთობები იმდენად მტრულია, რომ „სამხრეთ კორეასთან შერიგებისა და გაერთიანების ძიებას აზრი არ აქვს“.
მანამდე კიმ ჩენ ინმა თავის არმიას უბრძანა, „სრულად გაანადგურონ“ შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა, თუ მათი მხრიდან პროვოცირება მოხდება. ამასთან მან სამხედროებს, სამხედრო მრეწველობასა და ბირთვული იარაღის სექტორს უბრძანა, დააჩქარონ ომისთვის მზადება.