მსოფლიო დღეს

საფრანგეთის პრემიერი 34 წლის გაბრიელ ატალი გახდა

Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 34 წლის გაბრიელ ატალმა დაიკავა და მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა ქვეყნის ისტორიაში, იტყობინება ტელეარხი BFMTV.
„2017 წელს ეროვნულ ასამბლეაში არჩევამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობმა, 34 წლის ახალგაზრდამ შვიდ წელიწადში მეტეორიული გარღვევა მოახდინა. 2018 წელს მთავრობაში უკანა კარიდან დაბრუნებული გაბრიელ ატალი მეხუთე რესპუბლიკის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა“, — ნათქვამია არხის პუბლიკაციაში.
ატალმა პოსტი მისი წინამორბედის, ელიზაბეტ ბორნის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაიკავა. ახლა მან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.
როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, თანამდებობებს შეიძლება დაემშვიდობნენ: ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მერი — რომლის დაქვემდებარებაშიც მუშაობდა ატალი გასული წლის ივლისამდე; ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი — რომელთანაც ატალს არცთუ თბილი ურთიერთობები აქვს, და ტრანსპორტის მინისტრი კლემენტ ბონი — რომელიც არ ეთანხმება დეკემბერში მიღებულ კანონს იმიგრაციის გამკაცრების შესახებ.
აღინიშნება, რომ ატალი თანამდებობაზე პირველად 2018 წელს დაინიშნა, როდესაც ის სულ 29 წლის იყო. მაშინ მან სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ედუარდ ფილიპის მთავრობაში.
ამას მოჰყვა მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი (2020-2022) უკვე ჟან კასტექსის მინისტრთა კაბინეტში. ხოლო 2022 წლის მაისიდან გაბრიელ ატალი საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა მინისტრ ბრუნო ლე მერის ხელმძღვანელობით. ამ თანამდებობაზე ატალი 2023 წლის ივლისამდე რჩებოდა, სანამ ის განათლების მინისტრი გახდებოდა.
როგორც მედია წერს, ატალი არ მალავს თავის „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“. ამ დროისათვის მას ურთიერთობა აქვს პრეზიდენტის პარტიის თავმჯდომარე სტეფან საჟურნესთან.