„Sputnik–საქართველო“ გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე
წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.
იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა, იერუსალიმში მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით, რომელიც იმ დროისთვის უკვე მთავარდიაკონად იყო ნაკურთხი.
გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.
წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის - იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა.
ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე - გამომეტყველნი
აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს.
829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა.
წმიდა ძმები სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები - თორმეტი სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები. „ცრურწმენის ჭურჭლებად“ იყვნენ მოხსენებულნი. ამიტომ ეწოდათ ძმებს „გამომეტყველნი“.
წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 840 წელს.
წმიდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხში აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხზულება მართლმადიდებლობის დასაცავად.
წმიდა თეოდორე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი
წმიდა თეოდორე კონსტანტინოპოლის მკვიდრი იყო. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული წმიდა სოფიას ტაძარში მღვდელმსახურებდა და საჭურჭლის მცველის მოვალეობასაც აღასრულებდა. 676 წელს თეოდორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ცილისმწამებელთაგან დასმენილი, ტახტიდან ჩამოაგდეს. 683 წელს სიმართლემ იზეიმა და ნეტარი თავის ხარისხში აღადგინეს. აქედან მოყოლებული, სიკვდილის დღემდე იგი მშვიდად მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას; გარდაიცვალა დაახლოებით 686 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროზე დაყრდნობით