ზედიზედ სამი წელია, განვითარებადი საქართველოს ეკონომიკა იზრდება გლობალური გამოწვევების ფონზე და ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების გზაზეა. 2023 წელს ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მშპ-ს სტაბილური ზრდა და ინფლაციის შემცირება.
ეკონომიკა გაიზრდება
როგორც Sputnik-საქართველოს საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განუცხადა, 2024 წელს მშპ 6,4%-მდე გაიზრდება, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს მიუახლოვდება, ხოლო ქართული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ იქნება 2,8 ლარი, იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო შემოსულობები თვეში 200 მლნ ლარამდე შემცირდება.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილების და საწარმოების ბრუნვის ზრდა. განახლებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,5% იყო, ხოლო 2022 წელს – 10,4%. მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 6,9% იყო.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 2023 წლის ნოემბერში 0,1% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. შედარებისთვის: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 9,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, „საქსტატის“ მონაცემებით.
ეკონომიკის ექსპერტის, პროფესორ სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა შესაძლებლობებზე, არამედ საგარეო ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.
„ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. გლობალური ეკონომიკა გულისხმობს იმას, რომ ზრდა დამოკიდებულია არა მხოლოდ შიდა ძალისხმევაზე, არამედ შესაბამის საგარეო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე. რადგან ჩვენ ბევრ პროდუქტს ვაწარმოებთ არა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, არამედ გარე ბაზრისთვისაც. მაგრამ თუ გარე ბაზარზე მდგომარეობა შედარებით არასახარბიელოა, მაშინ წარმოებას ვერ გავზრდით იმ მოცულობამდე, რისი პოტენციალიც გვაქვს, ანუ თუ ჩვენი მეზობლები არ იყიდიან ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს და ა.შ., მაშინ ვერ ვაწარმოებთ მათ დიდი მოცულობით“, - განმარტა არჩვაძემ.
მისი თქმით, მშპ-ს ორნიშნა ზრდა არ უნდა იყოს მოსალოდნელი 2024 წელს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 6% -ით გაიზრდება ეკონომიკის რეალური სექტორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის და საექსპორტო შესაძლებლობების ზრდის გამო ბევრ დარგში - სასურსათოდან ენერგეტიკამდე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის თქმით, მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით ბევრი პროგნოზი გაკეთდა, რომელთა უმეტესობა პოზიტიურია და საშუალოდ 4,5-5%-იან ზრდას გულისხმობს.
„ვფიქრობ, რომ სხვა თანაბარი პირობების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო პროგნოზებთან შედარებით ოდნავ მეტად გაიზრდება“, - განუცხადა ბაირახტარმა Sputnik-საქართველოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას შეინარჩუნებს და მისი ზრდა 2023 წელს 6%-მდეა პროგნოზირებული.
რუსეთთან სავაჭრო კავშირები გაიზრდება
როგორც ნიკა შენგელია პროგნოზირებს, 2022 წელთან შედარებით 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე სამჯერ გაიზარდა და 2024 წელს ეს დამოკიდებულება კიდევ გაიზრდება.
„რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები აუცილებლად გაიზრდება 2024 წელს. მე ჯერ ვერ ვხედავ წინაპირობებს უკრაინაში მოვლენების დასასრულისთვის და რუსეთს სანქციებს ასე მალე არ მოუხსნიან, ამიტომ სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის იქნება დინამიური“, - განაცხადა შენგელიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საქართველოსთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს სავაჭრო კავშირების გაძლიერებას ევროპასთან. შენგელია მიიჩნევს, რომ ევროპა ვერ ჩაანაცვლებს თურქეთს და რუსეთს, როგორც საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორს.
„ზოგადად, 2028 წლამდე ევროკავშირის მომავალი საეჭვოა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა მცირდება და ვფიქრობ, რომ მოხდება ქვეყნების გადაჯგუფება და შეიქმნება ახალი რეალიები", - განაცხადა შენგელიამ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2025 წლის შემდეგ ის საქართველოს რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს და ყველაფერი ამისკენ მიდის, ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნები დაჯგუფდებიან, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან გააძლიერებს.
„სავალუტო ზონების განსაზღვრა, ის, რომ ქვეყნები გადადიან ციფრულ ვალუტაზე - ეს ყველაფერი არის ცვლილებების დასაწყისი. ჩვენ ვხედავთ, რომ დოლარი კარგავს გადახდის საერთაშორისო ინსტრუმენტის სტატუსს, საქართველოც კი არ ვაჭრობს რუსეთთან და ჩინეთთან დოლარში და შესაძლოა, თურქეთმაც ამოიღოს დოლარი სავაჭრო პროცედურებიდან. ევროპას აქვს ენერგორესურსების პრობლემები და ის რუსეთზეა დამოკიდებული და რაც არ უნდა თქვან, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა რუსეთთან ვაჭრობს სანქციების მიუხედავად“, - აღნიშნა შენგელიამ.
მიგრაცია, როგორც მთავარი გამოწვევა
საქართველოს მთავარი გამოწვევა უკვე მრავალი წელია მოქალაქეთა მიგრაციაა.
2024 წელს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანები დასაქმების პრობლემების მოგვარება და მიგრაციის შემცირება უნდა გახდეს, განუცხადა Sputnik-საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკის დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა.
2022 წელს საქართველოში ემიგრაციის ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. წასულთა შორის 62 პროცენტი მამაკაცი იყო, 38 პროცენტი - ქალი. 2023 წლის 3 მაისის ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.
„საქართველოს ექნება პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შექმნის სწორ ეკონომიკურ მოდელს - ინკლუზიურს, რომლის პირობებში მოქალაქეები შეძლებენ ფულის გამომუშავებას მარტივად სამშობლოში, და არ დაიწყებენ სამუშაოს ძებნას საზღვარგარეთ. არ შეიძლება მხოლოდ გზების და აეროპორტების მშენებლობის იმედი გქონდეს, იქ ყველას არ შეუძლია მუშაობა. ჩვენ გვჭირდება სოფლები, სოფლის მეურნეობა, გვჭირდება ხალხი და გვჭირდება დემოგრაფია“, - განაცხადა ცოფურაშვილმა.
მისი თქმით, სოფლები ცარიელდება, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის, ამიტომ საჭიროა პროცესის შეჩერება.
ცოფურაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა 1989 წლის შემდეგ 31,5%-ით შემცირდა - 3,7 მილიონ ადამიანამდე, რაც კატასტროფული კლებაა.
დემოგრაფების აზრით, საქართველოს შობადობის კიდევ უფრო დიდი კლება დაემუქრება, ვინაიდან 1990-2000 წლებში ქვეყანაში იმაზე ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.736,4 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტია.
2022 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მონაცემი (–6.799) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (–54.509).
„საქსტატის“ მონაცემებით, მოსახლეობის უარყოფითი მატება საქართველოში ზედიზედ მეორე წელია ფიქსირდება.