დაკავებულია პირი, რომელმაც მარნეულში ძაღლზე სასტიკად იძალადა

ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება „პირველი არხი“.
ძაღლზე ძალადობის ვიდეოკადრები სოციალური ქსელით გუშინ გავრცელდა. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩაღანში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ცხოველს სასტიკად სცემს ჯოხით.
ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, გუშინ გვიან ღამით მარნეულის პოლიციის სამმართველოსთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ისინი ძაღლზე ძალადობაში ბრალდებული პირის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდნენ.
მარნეულის პოლიციის უფროსის, გიორგი ნავროზაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძაღლი ვერ იპოვეს, მოწმეთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ცხოველი მოკვდა. შემთხვევა დეკემბერში მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.