თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას განსაკუთრებული ეფექტი არ ექნება, და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" ინიციატივა ამ საკითხზე დისკუსიის დაწყების შესახებ დაგვიანებულია, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" იაგო ხვიჩიამ.
გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის" მოუწოდა საპარლამენტო უმრავლესობას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო შესწორებებზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დაბრუნების შესახებ. როგორც დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, ეს უზრუნველყოფს აუცილებელ ლეგიტიმურობასა და პრეზიდენტის დამოუკიდებლობას.
„მგონი, ცოტა დაგვიანებულია მსჯელობის დაწყება, საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ თუ საპრეზიდენტო, თუმცა მთავარია ის ძალაუფლება, რომელიც გადაგაწყვეტინებს, პრეზიდენტი როგორი წესით უნდა იყოს არჩეული. ვიდრე ეს ძალაუფლება არ გაქვს, მეეჭვება, ამას რაიმე განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს", - განაცხადა ხვიჩიამ.
ბევრი რამეა, რაც უნდა გაკეთდეს, სანამ საქართველოში პრეზიდენტის არჩევის ხერხს შეცვლიან, მიიჩნევს დეპუტატი.
„პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი აგვაშენებდაო, რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არის არჩეული და არც ავუშენებივართ და არც დავუქცევივართ, დიდი არაფერი შეცვლილა. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთპიროვნული მმართველობის რეჟიმი გვაქვს და ვინ იქნება მესამე, მეოთხე და მეხუთე კაცი, სამწუხაროდ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, წესის ცვლილებას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება", - აღნიშნა ხვიჩიამ.
მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, 2017 წელს მიიღეს. შესწორებებს ხმა მისცა 117-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ წავიდა ორი.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ორი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა.