ომები და ხელოვნური ინტელექტი: ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში მწვავე თემებს შეეხო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მოუწოდა მორწმუნეებს, განამტკიცონ თავიანთი რწმენა და არ დაივიწყონ, რომ ღმერთს ესმის მათი ლოცვა და მონანიება.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თავის საშობაო გზავნილში მწვავე თემებს შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს კაცობრიობა საშიშ დროში ცხოვრობს და სირთულეებთან გამკლავებაში მხოლოდ რწმენა დაგვეხმარება.
საქართველოს მართლმადიდებლები კვირას ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას აღნიშნავენ. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.
„დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის“, – ნათქვამია ეპისტოლეში.
ილია მეორემ ასევე ბრძანა, რომ ტექნოლოგიების, მათ შორის, „ხელოვნური ინტელექტის“ განვითარება ადამიანს მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე აყენებს.
„ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენ ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია... მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?“ – ნათქვამია გზავნილში.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რწმენის გამტკიცება.
„თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფვოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ყველაზე მთავარია რწმენა, რომელიც ღმერთთან ახლოს ყოფნის საშუალებას იძლევა და გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
„იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მორწმუნისთვის მნიშვნელოვანია ცოდვების მონანიება, ღმერთთან კავშირის აღდგენა ყოვლადწმინდა სამების სახელით ნათლობით, აღსარებითა და ზიარებით.
„თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ – თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს“, – ნათქვამია ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს და მითუმეტეს – მართლმორწმუნეს, მრავალი დაბრკოლება ხვდება.
„არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ამიტომაც არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ“, – აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.
კათოლიკოს–პატრიარქმა მოუწოდა მრევლს, განამტკიცონ რწმენა და მუდამ ახსოვდეთ, რომ უფალს ესმის მათი ლოცვა და მონანიება.