თბილისი, 7იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება, გახარება და წინსვლა უსურვა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ხვდება.
„მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით და აღვნიშნავთ. მინდა, გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!“ – ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის, 6-7 იანვრის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.