იქნება თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს? პოლიტოლოგის მოსაზრება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის გონივრული, გაწონასწორებული და პრაგმატული, მაგრამ დროა, ეს პოლიტიკა გააქტიურდეს და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს, მიაჩნია პოლიტოლოგ ვასო კაპანაძეს.
ექსპერტმა დადებითი ფაქტი უწოდა კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველო და რუსეთი ამაზე არ უნდა შეჩერდნენ.
„ისინი უნდა შეეცადნენ, დაძლიონ სერიოზული პრობლემები და უთანხმოებები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორისაა. საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ კი უნდა სცადონ პოლიტიკური დიალოგის დაწყება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ახლა შეწყვეტილია და რაც, რა თქმა უნდა, დასანანია“, — განაცხადა კაპანაძემ „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამასთან პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ტერიტორიული პრობლემების გამოა შეუძლებელი.
„მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნები სერიოზულ დიალოგს დაიწყებენ, და თუ ამ საკითხში გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება, პარალელურად შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის განხილვაც. მაგრამ არა ამაზე ადრე. კიდევ უკეთესი, თუ როგორღაც ეს ურთულესი საკითხი გადაიჭრება — გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და რეგიონში რუსეთის ინტერესებიდან, ასევე იმ ხალხის ინტერესებიდან, ვინც ცხოვრობდა და ცხოვრობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე“. — აღნიშნა კაპანაძემ.
დღეისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.