შალვა პაპუაშვილმა სომხურ ეკლესიას დღესასწაულები მიულოცა

სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.
„ჩვენს საყვარელ სომეხ დებს და ძმებს, გილოცავთ შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში! დღეს, როდესაც სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია აღნიშნავს შობას და ნათლისღებას, დაე, ამ დღემ აავსოს თქვენი სახლები სითბოთი და იმედით“, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.
სომხური სამოციქულო ეკლესიას დღესასწაულები დღეს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომაც მიულოცა.
„შობა ის ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ“, — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.